მიმართულებები
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი სამხატვრო აკადემიისთვის საბაზისოა. მისი სასაწავლო პროგრამები და განვითარებადი მეთოდოლოგია კი თანამედროვე ქართული ვიზუალურ–კულტურული პროცესებისა და მიღწევების საფუძველს წარმოადგენს.
ფაკულტეტის სახელოსნოები და მასში შემავალი მიმართულებები ასახავენ თანამედროვე სახვითი ხელოვნების როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს მიმდინარეობებს. სწავლება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტები ეუფლებიან სახვითი ხელოვნების ზოგად საფუძვლებს, შემდეგ კი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი სპეციალობების მიხედვით განისაზღვრება მათი ინტერესების ორიენტირები.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სპეციალიზირებული თეატრისა და კინო-ტელე-მხატვრობის შემოქმედებითი სახელოსნოები.
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლე ანოტაციები.
- საგანმანათლებლო პროგრამა „ ფერწერა„
უმაღლესი განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი;
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ხელოვნების ბაკალავრი ფერწერაში.
პროგრამის ანოტაცია: საბაკალავრო პროგრამა ფერწერა წარმოადგენს ინფორმაციის მეთოდურად სისტემატიზირებულ კურსს, რომელიც აუცილებელი დისციპლინაა ფერწერის დარგის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.
კურსის ძირითად ნაწილს შეადგენს ფერწერის ძირითადი პოსტულატების შესწავლა.
პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების მიერ ფერწერის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მხარეს, ფერთა ურთიერთზეგავლენის ფერწერული, კოლორისტული და კომპოზიციური საფუძვლების შესწავლას. რეალისტური, ფიგურატიული პრინციპების მიხედვით სასწავლო მოცემულობების შესრულებას.
ამავე დროს პროგრამა განიხილავს თანამედროვე არტ-სივრცეში უკვე კლასიკად ქცეული თუ დღესდღეობით არსებული, პროფესიონალისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას.
პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია აკადემიური ხატვა, სადაც სწავლის დროს სტუდენტი ეუფლება აკადემიური ხატვის ძირითად პრინციპებს, რომელთა ცოდნა და შემდგომში შემოქმედებით საქმიანობაში გამოყენება აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხატვრის პროფესიისთვის.
პროგრამა აგრეთვე მოიცავს თეორიული საგნების ბლოკს, რომლებიც აუცილებელია სახელოვნებო სივრცეში უკეთ გარკვევისა და ადაპტაციისთვის. სასწავლო ინფორმაცია, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს იყოს კომუნიკაბელური, შეეძლოს ნამუშევრის პრეზენტაცია, ინტერნეტ სივრცეში მოიძიოს სხვადასხვა თეორიული თუ ვიზუალური მასალა.
პროგრამა ასევე შეიცავს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისათვის აუცილებელი უცხო ენის კურსს (A დონე).
2. საგანმანათლებლო პროგრამა „ვიზუალური ხელოვნება (თეატრი, კინო-ტელე მხატვრობა) „
უმაღლესი განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი;
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სახვითი ხელოვნების ბაკალავრი;
პროგრამის ანოტაცია: საბაკალავრო პროგრამა ვიზუალური ხელოვნება შემუშავებულია სწავლების აკადემიური, ტრადიციული და მსოფლიოში არსებული თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გათვალისწინებით. იგი ეფუძნება მხატვრული შემოქმედების იმ ფუნდამენტალურ დისციპლინებს, რომლებიც სახვითი ხელოვნების დარგებისთვის საბაზისოა (ფერწერა, ხატვა, კომოზიცია).
პროგამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესი გეგმაზომიერი, თანმიმდევრული მეთოდოლოგიით იმართება. შეძენილი კომპეტენციები უზრუნველყოფს თავისუფალი შემოქმედის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს თანამედროვე, კონკურენტულ გარემოში თვითდასაქმებას დამოუკიდებელი ხელოვანის რანგში. მაგრამ, შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამა, წონადია სხვა მხრივ, მისი მიზანია ახალგაზრდა შემოქმედს დამატებით შესძინოს სახვითი ხელოვნების სფეროში შემავალი რამდენიმე სპეციფიური პროფილის კომპეტენციები, რომელიც გაზრდის მისი დასაქმების შესაძლებლობებს.
სახვითი ხელოვნების ტრადიციული დარგები-ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება განსხვავებული მასალის, ტექნიკისა და სპეციფიური გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით ქმნიან მხატვრულ ნამუშევრებს. ხელოვნების ამ დარგების გარდა მხატვრობა სინთეზური ხელოვნების ისეთი დარგების განუყოფელი ნაწილია, როგორიცაა თეატრი და კინო. მხატვარი დრამატურგისა და რეჟისორის ჩანაფიქრის ვიზუალიზაციას ახდენს და მრავალფეროვანი სპეციფიური სახვითი ხერხების საშუალებით ქმნის სპექტაკლისა თუ კინოფილმის მთლიან მხატვრულ სახეს. ამგვარად, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ვიზუალური ხელოვნება“ (მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ხელოვნების ბაკალავრი სახვით ხელოვნებაში) მოიცავს თეატრისა და ტელე/კინო მხატვრობის სფეროებს, ეფუძნება დრამატურგიული მასალის სპეციფიური მხატვრული საშუალებებით ასახვის პრინციპს, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების მაღალ კომპეტენციას და აფართოებს მათი დასაქმების არეალს ორივე მომიჯნავე დარგში. სახელმწიფო და კერძო თეატრებში და კულტურის ცენტრებში.
3. საგანმანათლებლო პროგრამა „ გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება„ (დაზგური გრაფიკა,ანიმაცია,პლაკატი,წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია) (ცნობარში შეგხვდებათ მხოლოდ „გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება“ სახელწოდებით).
უმაღლესი განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი;
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკაში.
პროგრამის ანოტაცია: გრაფიკა სახვითი ხელოვნების უძველესი, ტრადიციული დარგია. გრაფიკული ნამუშევრის შექმნის მეთოდის, მხატვრული ხერხების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და მისია/ფუნქციის მიხედვით რამოდენიმე სახისაა:
დაზგური გრაფიკა, რომელიც მოიცავს ნახატს, ჩანახატს და ყველა ტიპის ბეჭვდით გრაფიკას;
წიგნის ილუსტრაცია: წიგნის ილუსტრირებას, კონსტრუირებას, ყდის, ფორზაცის, სუპერ ყდის გაფორმებას, შრიფტის ხელოვნებას;
პლაკატი (პოსტერი): სარეკლამო ინფორმაციას, მასობრივ ვიზუალურ კომუნიკაციას, პროპაგანდასა და სააგიტაციო ფუნქციას;
მხატვრული ანიმაცია (მოძრავი გრაფიკა) ანიმაციური ფილმისთვის გრაფიკული საშუალებებით ტიპაჟების, ფონების, ძირითადი და გარდამავალი ფაზების და დასრულებული ანიმაციური ფილმის მხატვრული სახის შექმნა.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება შემუშავებულია სწავლების ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდების საფუძველზე. იგი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს გრაფიკის სახეობები (დაზგური გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, პლაკატი, მხატვრული ანიმაცია) რომელიც თავისი კონკრეტული მისიიდან გამომდინარე, მხატვრული
ამოცანის დასაძლევად გამოიყენებს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ ენას, მხატვრულ მეთოდს, მასალას, ინსტრუმენტს და ტექნიკა-ტექნოლოგიას.
გრაფიკის ყველა სახეობის შესწავლა,მნიშვნელოვნად აფართოვებს კურსდამთავრებულის კომპეტენციებს და შესაბამისად ზრდის მისი დასაქმების შესაძლებლობებს.