სახვითი ხელოვნება - მიმართულებები

ხატვა (ფაკულტეტური მომსახურება)

კლასიკური ნახატის სწავლების ტრადიციის შენარჩუნება, ისევე როგორც მისი დროის მოთხოვნების შესაბამისად განახლება აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის დამხმარე საგანია ფაკულტეტებისა და მათიმიმართულებებისთვის. ხატვის სწავლებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონსტრუქტირებას, ასევე ნახატის ყველა დანარჩენ კომპონენტს კომპოზიცია, ფორმა, ხაზი, პლასტიკა, სივრცობრივ-მოცულობითი აზროვნება, პერსპექტივა, ტონალური გადაწყვეტა, შესრულების მანერა და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კონსტრუქციული აზროვნების ჩამოყალიბება, სხვადასხვა მასალის გამოყენება (გრაფიკული ფანქარი, ნახშირი, სანგინა, სოუსი, სეპია და ა.შ.)

ხატვის მიმართულების სასწავლო პროგრამა სამხატვრო აკადემიაში არსებული მიმართულებების და ფაკულტეტების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი. ქანდაკების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო სივრცობრივ-მოცულობითი აზროვნების ჩამოყალიბება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სივრცეში თვით ობიექტის ორგანულად წარმოჩენას. პლასტიკის ფორმის, რაკურსების, რელიეფური მოდელირების, მოცულობის შეგრძნების გამომუშავებას, მათი გადმოცემის ხერხების დაუფლებას. ფერწერის მიმართულებაზე სიბრტყობრივ-სივრცობრივი აზროვნების ჩამოყალიბება, გარემოში სიბრტყის მეტი შეგრძნება, ტონალური რბილი გადასვლით ფორმის გადმოცემა; მეტი მნიშვნელობა ენიჭება თვით ფონს, მთლიანად სასურათე სიბრტყეს, კომპოზიციური მთლიანობის აღქმას. გრაფიკაზე წინა პლანზე გამოდის ხაზი, შტრიხი, შესრულების მანერა, ნახატი გრაფიკის ერთ-ერთი ძირითადი სახეა, მისი ძირითადი გამომსახველობის მთავარი საშუალება. არქიტექტურაში შედარებით ხისტი კონსტრუქციულ-სივრცობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაა საჭირო; ნებისმიერი ობიექტის სტრუქტურულ-კონსტრუქციული ანალიზი, სხვადასხვა გეომეტრიული მოცულობითი საგნის კომპოზიციური, ასევე სხვადასხვა ნივთის კონსტრუქციული ვარიაციები სივრცეში. დიზაინის მიმართულებაზე, სხვადასხვა დარგზე სწავლების დროს უფრო მეტად გათვალისწინებულია სპეციფიკა, დიზაინის ნახატის სახვითი საშუალებები: მაგალითად მოდელირებაზე ხაზის პლასტიკურ საშუალებებზე კეთდება აქცენტი და სხვ.

პედაგოგები:
გიორგი ლაზარაშვილი, ხატვის მიმართულების ემერიტუსი
გიორგი ჩაჩანიძე, ასისტენტ პროფესორი
ელდარ ქავშბაია, ასისტენტ პროფესორი
ოთარ ჩაკვეტაძე, ასოცირებული პროფესორი