მიმართულებები
მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ჯუმბერ ბეჭვაია
სამრეწველო დიზაინის მიმართულება მოიცავს ტექნიკური პროფილის დიზაინის სრულ სპექტრს. მასში შედის: ყველა სახის საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, გარემოს კეთილმოწყობის, შრომის, დასვენების, გართობის, მრავალგვარი სპეციალური ტექნიკის და ა.შ. დიზაინი (სერიულიც და ექსკლუზიურიც). იგი თსსა-ში არსებობს 1961 წლიდან, ჯერ სამრეწველო ხელოვნების კათედრის, შემდგომ დიზაინის კათედრის, ბოლოს სამრეწველო დიზაინის მიმართულების სახელით.
მიმართულების მიზანია სტუდენტებისათვის ისეთი კომპლექსური ცოდნის გადაცემა, რომლის საფუძველზე, მათ შეუძლიათ წარმატებული პროფესიული საქმიანობა, როგორც ამ პროფილის, ისე მონათესავე სპეციალობების შემოქმედებით არეალში. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მსოფლიოს მოწინავე ტენდეციებთან შესაბამისობაზე ზრუნვასაც და საქართველოს რეალურ პირობებში არსებული სამომხმარებლო ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებასაც.
სამრეწველო დიზაინის BA და MA პროგრამების ანოტაცია:
სამრეწველო დიზაინის მიმართულება მოიცავს სამრეწველო – ტექნიკური და ექსკლუზიურ – ტექნიკური პროფილის დიზაინის სრულ სპექტრს. მასში შედის: ყველა სახის საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სატრანსპორტო, დასვენების, გართობის, გარემოს კეთილმოწყობის, სპორტის და სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის დიზაინი. სამრეწველო დიზაინის სპეციალობა თემატურად ასევე ნაწილობრივად „ფარავს“ ერთისმხრივ არქიტექტურას (მაგ. გარემოს კეთილმოწყობის ობიექტები, საპარკე მოწყობილობები და სხვა) და გრაფიკულ დიზაინსნ (მაგ. შეფუთვა, ვიზუალური კომუინიკაციის ობიექტები და სხვა).
საბაკალავრო პროგრამა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მოიცავს სამრეწველო დიზაინის სპეციალობის ბაკალავრების მომზადებისთვის ყველა აუცილებელ კომპონენტს. მასში სპეციალობაში მოსამზადებელი დისციპლინების ძირითადი ხაზი (კომპოზიციის საფუძვლები, სკეტჩინგი, ხაზვა, კომპოზიცია, პროექტირება, მაკეტირება, ციფრული მოდელირება, ერგონომიკა, ინჟინერია, ტექნოლოგიები და სხვა) გამდიდრებულია პროფესიული კომპეტენციების გამაძლიერებელი მონათესავე დისციპლინებით (სამრეწველო და მომსახურების ობიექტების ინტერიერი და ექსტერიერი, სარეკლამო დიზაინი, შეფუთვა და შრიფტი, ბიზნესტექნოლოგიები დიზაინში და სხვა).
სამრეწველო დიზაინის საბაკალავრო პროგრამა, ხელოვნების ბაკალავრის კვალიფიკაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოიცავს ასევე საბაზისო (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება, პლასტიკური ანატომია, IT ტექნოლოგია, გეომეტრიული მოდელირება) და საუნივერსიტეტო დისციპლინებს. გათვალისწინებულია არჩევითი საგნების კომპონენტი.
სამრეწველო დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ოპტიმალურად სინთეზირებული და პრიორიტეტების მიხედვით დაბალანსებული სახით მოიცავს სასწავლო კურსების კონკრეტულ სპექტრს, რომელიც ერთისმხრივ გათვლილია მაგისტრანტთა საქართველოს სამრეწველო-სამომხმარებლო პირობებთან ადაპტაციაზე, ხოლო მეორესმხრივ, თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისადმი შესაბამისობაზე. პროგრამაში შემავალი დისციპლინების პრიორიტეტული ღერძი (დიზაინპროექტირება, მაკეტირება-მოდელირება, ციფრული მოდელირება) გამდიდრებულია ტექნოლოგიების შემსწავლელი დისციპლინების დიფერენცირებით (თანამედროვე სამრეწველო ტექნოლოგიები და თანამედროვე საინდმეწარმეო ტექნოლოგიები), დასაქმების სპექტრის გაფართოების მიზნით. დასაქმების გაადვილებას ემსახურება ასევე დისციპლინა „სტარტაპ ტექნოლოგიები“.
პროგრამა მოიცავს ასევე აუცილებელ საბაზისო (სპეცხატვა, სპეცფერწერა, სპეცქანდაკება) და საუნივერსიტეტო დისციპლინებს (უცხო ენა, ხელოვნების ანალიტიკური კურსი, პედაგოგიკა, მენეჯმენტი).
წარმოდგენილი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები არიან წინა პროგრამების განვითარება ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ისინი თვისობრივად წარმოადგენენ 1961 წლიდან პროგრამული განვითარების ჯაჭვის ბოლო რგოლს ამ ეტაპზე.
პედაგოგები:
ჯუმბერ ბეჭვაია, ასოცირებული პროფესორი
სვეტლანა მხჩიანი, ასოცირებული პროფესორი
თამაზ არუნაშვილი, ასისტენტ პროფესორი
გიორგი ტატიაშვილი, ასისტენტ პროფესორი