ისტორიული შენობა
აკადემიის ისტორიული შენობა მე-XIX საუკუნის 50-იან წლებშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია ევროპული და აღმოსავლური არქიტექტურის ნიშან-თვისებები. ამ ძეგლის მთავარ ღირსშესანიშნაობას ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ შემკული ე.წ. სარკეებიანი დარბაზები წარმოადგენს, რომლებიც აღმოსავლური სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეკორით მდიდრულადაა მორთული.
დაარსების წინა პერიოდი
თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებას წინ აქტიური ცხოვრება უძღვოდა. 1874 წელს ’’სამხატვრო საზოგადოებამ’’თბილისში დააარსა საქართველოში პირველი დაწყებითი სამხატვრო სკოლა. 1901 წელს თბილისში გაიხსნა საშუალო სამხატვრო სასწავლებელი ფერწერისა და ქანდაკების სკოლა, რომელსაც პატრონაჟს უწევდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო სასწავლებელი. 1921 წ-დე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებობდა კერძო სამხატვრო სკოლები. 1921 წლის ბოლოს შეიქმნა ე.წ. უმაღლესი სამხატვრო სახელოსნოები, 1922 წლის დასაწყისში კი მოსე თოიძემ დააარსა სახალხო სტუდია.
ქართულ საზოგადოებას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საქართველოში სამხატვრო განათლების სრულყოფისთვის ეს ყოველივე საკმარისი არ გახლდათ და საჭირო იყო უმაღლესი სამხატვრო საგანმანათლებლო ინსტიტუციის დაფუძნება, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდები გააგრძელებდნენ სწავლას. ამისათვის აქტიურად მოღვაწეობდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ 1916 წელს დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ამ აქტიურობამ საბოლოოდ 1922 წელს გამოიღო შედეგი.
დაარსება
1922 წლის 8 მარტს, განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით, დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია (ასევე ერქვა მას თავდაპირველად) – პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში, და ერთ-ერთი იმ სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგისა და თბილისის აკადემიები), რომლებიც საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა. სახალხო კომისარიატის ტექსტში ეწერა: «აკადემია აგებული ცოცხალი ბუნების შესწავლის პრინციპებზე არსდება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა დარგის შესწავლას საქართველოში».
პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ოთხი ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების. მოგვიანებით, 1925 წელს აკადემიის კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო, ხოლო უკვე 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკის განყოფილება.
1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავდა პროფესორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი. 1922 წლის 14 მაისს აკადემიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე აირჩიეს აკადემიის პირველი რექტორი – ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი. 1922-23 სასწავლო წელს აკადემიაში სწავლობდა 156 სტუდენტი, 1946-47 სასწავლო წელს 270; 1973 წელს აკადემიაში ოთხ ფაკულტეტზე სწავლობდა 848 სტუდენტი; ამ დროისათვის აკადემიაში 204 პროფესორ-მასწავლებელი მოღვაწეობდა. დღეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1380 სტუდენტს 327 პედაგოგი ასწავლის.
1930 წლიდან სამხატვრო აკადემიამ რეფორმები განიცადა 1929-30 სასწავლო წელს იგი ჯერ მკვეთრად გამოხატული საწარმოო განხრის უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტად (უსტექინი) გადაკეთდა, შეიქმნა არქიტექტურული, ფერწერულ-საქანდაკო, კერამიკის და ლითოგრაფიის (პოლიგრაფიის) ფაკულტეტები. 1931 წელს ინსტიტუტი დაიხურა. იმავე წელს ზაფხულში სრულიად გაუქმდა. მის ნაცვლად, თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც მოკლებული იყო სათანადო ბაზას და შესაფერის პედაგოგებს. არქიტექტურული ფაკულტეტი შეუერთეს სამშენებლო ინსტიტუტს. 1933 წლის 1 თებერვალს სამხატვრო აკადემია აღდგა და სწორედ იმ დროიდან ეწოდა მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
აღდგა ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, კერამიკის ფაკულტეტები, არქიტექტურის ფაკულტეტი კი – მხოლოდ 1937 წელს. (აღდგენის შემდეგ ფერწერის კათედრის გამგე იყო დავით კაკაბაძე, ქანდაკების – იაკობ ნიკოლაძე, ნახატის – მოსე თოიძე, კერამიკის – ალექსანდრე ფიცხელაური, ხელოვნების ისტორიის – შალვა ამირანაშვილი). პედაგოგებს შორის უკვე აკადემიის აღზრდილებიც გამოჩნდნენ: გიორგი სესიაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე, ლადო გრიგოლია, სიმონ ნადარე- იშვილი, კორნელი სანაძე, სილოვან კაკაბაძე, კონსტანტინე მერაბიშვილი და სხვ. 1933 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენები.
სსრკ-ში მიმდინარე რეპრესიების კვალი სამხატვრო აკადემიასაც დაეტყო. XXს. 30-იან წლებში რეპრესიების ტალღამ აკადემიასაც გადაუარა: დახვრიტეს პროფესორები ჰ.ჰრინევსკი, ვ.კოტეტიშვილი, ა.დუდუჩავა და სხვები. მაშინდელ ვითარებას კარგად ახასიათებს ერთ-ერთი ბრძანება: “გაირიცხოს ასისტენტი იოსებ გაბაშვილი (მომავალი ცნობილი ილუსტრატორი) ტროცკისთან ურთიერთობის გამო”. ახალგაზრდა პედაგოგი ვალენტინ შერპილოვი კი სტუდენტებს შორის ”არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისთვის აკადემიიდან დაითხოვეს. მძიმე გავლენა ჰქონდა აკადემიაზე მეორე მსოფლიო ომსაც. მასში 80-ზე მეტი მხატვარი მონაწილეობდა. მრავალი მათგანი დაიღუპა (თ. ბალანჩივაძე და სხვ.). ამ დანაკარგებისა და ბევრი სხვა სირთულის მიუხედავად, აკადემია განაგრძობდა განვითარებას.
1943 წელს დაარსდა ხატვის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სერგო ქობულაძე; 1947 წელს, დავით კაკაბაძის ინიციატივით, შეიქმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც მხატვარი თავად ხელმძღვანელობდა (მოგვიანებით ამ მიმართულებას ცნობილი ქართველი თეატრის მხატვარი ფარნაოზ ლაპიაშვილი უძღვებოდა). 1940-იანი წლების ბოლოს 50-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ შეიზღუდა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს მხატვარი დავით კაკაბაძე. 1950-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში აკადემიაში პედაგოგ მხატვართა ახალი თაობა მოვიდა. ნიჭიერ მხატვრებთან თანამშრომლობა განაპირობებდა სკოლის მაღალ დონეს და ავტორიტეტს. სსრკ-ში განათლების სფეროს განახლების მოდერნიზაციის მიზნით, XX საუკუნის 50- იანი წლების ბოლოს შეიქმნა სამხატვრო აკადემიის დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორი (1959-72), პროფესორი აპოლონ ქუთათელაძე აქტიურად ცდილობდა აკადემიის გადარჩენას. იგი არაერთხელ გაემგზავრა მოსკოვში, უმაღლეს მმართველ ინსტანციებში მხარდამჭერების მოძიებაც მოახერხა, რის შედეგადაც თბილისის სამხატვრო აკადემია დახურვას გადაურჩა.
ამ პერიოდში ყურადღება მიექცა გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარებას. 1959 წელს შეიქმნა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები. 1961 წელს გაიხსნა პლასტმასის ნაკეთობათა გაფორმების განყოფილება. 1961 წელს გამოენებითი ხელოვნების ყველა მიმართულების ბაზაზე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაარსდა. 1966 წელს გაიხსნა რესტავრაციის განყოფილება, რომელიც 2004 წელს ფაკულტეტად იქცა. 1967 წელს, პროფესსორ ლევან რჩეულიშვილის დიდი მცდელობით, ვახტანგ ბერიძისა და სხვათა მხარდაჭერით, შეიქმნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, რომლის პირველი გამოშვება 1972 წელს შედგა. 2005 წელს რესტავრაციის ფაკულტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან გაერთიანდა. იმავე წელს დაარსდა მედია ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წლის იანვარში მას შეუერთდა ფოტოგრაფიის ინსტიტუტი. დღეს სამხატვრო აკადემიაში ხუთი ფაკულტეტია: სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, რესტავრაცია/ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, დიზაინის, მედიახელოვნების.
სამხატვრო აკადემიის რექტორები:
გ. ჩუბინაშვილი (1922-26)
ა. დუდუჩავა (1927-30)
ვ. კოტეტიშვილი (1930-32)
გ.ბუხნიკაშვილი (1933-36)
ს. კაკაბაძე (1936-42)
უ. ჯაფარიძე (1942-48)
მ. დუდუჩავა (1948-52)
ს. ქობულაძე (1952-59)
ა. ქუთათელაძე (1959-72)
გ. თოთიბაძე (1972-82)
ზ. ნიჟარაძე (1982-87)
თ. ფერაძე (1987-92)
ს. ქოიავა (1992-2003)
გ. ბუღაძე (2003-2012)
ნ. ღაღანიძე (2012)
თ. ვარვარიძე (2012)
ი. პოპიაშვილი (2012)
თ. კლდიაშვილი (2012 ნოემბერი – 2014)
გ. გუგუშვილი (2014 – 2022)
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.