შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ინჟინერია და ტექნოლოგიები;
სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
აგრარული მეცნიერებები;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები;
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2024 წლის 1 მარტამდე) ბოლო 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.
კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს საქართველოში ან უცხოეთში მოღვაწე კონსულტანტ(ებ)ი;
პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.
ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 000 ლარს, ორ წელიწადში – 60 000 ლარს.
პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);
ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);
გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1 500 ლარს).
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ოფიციალური გვერდი