სამხატვრო აკადემიამ, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები, კონკურსის წესით გამოავლინა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი”, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები (მასალა – მეტალი, თემა «თავისუფლება»), ლევილის მამულში შემოქმედებითი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნება და მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ამ რეზიდენციის პირველი მონაწილეები იქნებიან.
კონკურსში მონაწილეობდა 16 სტუდენტი, რომელთა ნამუშევრები, სამხატვრო აკადემიის სპეციალურმა კომისიამ განიხილა და 7 საუკეთესო ესკიზი გამოავლინა. გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ ლევილის ქართველთა მამულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხატვრო აკადემიისთვის ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უპრეცედენტოა და საზოგადოებას გამარჯვებული სტუდენტები წარუდგინა.
ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სიმპოზიუმი საფრანგეთში გაიმართება, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში, ქანდაკების ხელოვნების პროფესიული სწავლების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ საფრანგეთიდან შემოვიდა. სიმბოლურია ისიც, რომ თავისუფლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ლევილის მამულში გაიმართება.
ვულოცავთ ახალგაზრდა მოქანდაკეებს – ბარბარა ავაზაშვილს, თამარ თოიძეს, ლაზარე ნოზაძეს, ბექა ჩხაიძეს, გიორგი ჯარიაშვილს, იასონ ჯანხოთელსა და ივერი აბესაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას