კულტურის სამინისტრომ ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“. კონკურსის მიზანია თბილისსა და რეგიონებში არსებული ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების აღსაზრდელთა ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და რეალიზების ხელშეწყობა, სტუდიების პედაგოგებისა და მოზარდების მოტივაციის ამაღლება მომავალი პროფესიული კადრების მოსამზადებლად. კონკურსისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი.
2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს, სამინისტროში შემოვიდა რვა საკონკურსო განაცხადი, რომლიდანაც გაიმარჯვა სამმა პროექტმა. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი განისაზღვრა 40 000 ლარით და გამოვლინდა ერთი გამარჯვებული პროექტი. 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 25 000 ლარი და საკონკურსოდ სამინისტროში შემოსული ხუთი განცხადებიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – კერძო სახელოვნებო სტუდიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსში, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით – ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2022229 ან 599 02 01 98 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/2w1gLhYH