ფოტო, ანიმაცია – საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა

კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“

საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“. საკონკურსო პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კონკურსისთვის გამოყოფილია 800 000 ლარი. კონკურსის მიზანია: ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. უპირატესობა მიენიჭება: ფესტივალის ფარგლებში აქტივობების რაოდენობას; საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას; მონაწილე ქვეყნების რაოდენობას; საერთაშორისო მასტერკლასებს, რომლებიც პასუხობს კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებს; წარმატებული ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას; საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების მომზადებისა და ჩატარების გამოცდილებას.

2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 600 000 ლარი და დაფინანსდა 14 პროექტი. პროექტები განხორციელდა შვიდ ადგილას 1500 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი და დაფინანსდა ათი პროექტი. პროექტები განხორციელდა ხუთ ადგილას 1200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 1 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: №032 2 022229 ან №599 310 303, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 18 აპრილისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/9w2YFhFW