სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! პოსტერების გამოფენა ქალაქ ბერლინში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, გეძლევათ საშუალება, თქვენი ნამუშევრები (პოსტერები) წარადგინოთ გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში – Volkssolidarität-ში, 2025 წლის მაისში.

პროექტის სახელწოდებაა “Work Show. Window Project” – “ხელოვნება ფანჯარაში”.

გამოფენის მთავარი მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გამოფენისთვის შეირჩა ქალაქი ბერლინში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია, სადაც სტუდენტების ნამუშევრებს ბევრი ცნობილი ხელოვანი, კურატორი თუ ხელოვნებათმცოდნე იხილავს.
▫️პროექტის კურატორია ლილი ფიურსტენოუ-ხოსიტაშვილი, რომელიც DAAD-ის სტიპენდიით, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ანსელმ კიფერის შემოქმედებას იკვლევდა. აღნიშნული პროექტი, მისი ხელმძღვანელობით, უკვე 3 წელია იმართება და ის თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტული ფორმატით ჩვენებას ისახავს მიზნად: არა ტრადიციულ გალერეაში, არამედ საჯარო სივრცეებში – ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
სტუდენტმა, ელექტრონული ფოსტით უნდა გააგზავნოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის (პოსტერის) ფოტო, დეტალური აღწერით (კონცეფცია და სხვა ყველა მახასიათებელი დეტალი); შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 40-მდე საუკეთესო პოსტერი, რომელიც ამოიბეჭდება გერმანიაში და გამოიფინება. ნამუშევრებს გამოფენისთვის შეარჩევს სპეციალური ჟიური. არჩეული ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად, დაიდება პროექტის თანმხლებ ვებგვერდზე: www.e-mergingartists.art

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, პოსტერის/პოსტერების ფოტო უნდა გააგზავნოთ მხოლოდ JPG ფორმატში, ხოლო თანდართული ინფორმაცია (ნამუშევრის აღწერა: სათაური/ტექნიკა/ზომები/წელი და ავტორის ბიოგრაფია ან/და CV) DOC ფორმატში, ქართულ, ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, სურვილისამებრ. გთხოვთ ასევე, ბიოგრაფიაში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენს მიერ მოპოვებული სტიპენდიების, ჯილდოს, ხელოვნების რეზიდენციების, პუბლიკაციებისა და გამოფენების შესახებ – ასეთის არსებობის შემთხვევაში. მონაწილე სრულიად თავისუფალია თემატიკაში, მასალასა და ზომებში. ასევე, გაითვალისწინეთ, ერთმა მონაწილემ შესაძლოა წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის ფოტო (სერია)!

დედლაინი – 23 იანვარი

მონაწილეებს გთხოვთ, კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრის/ნამუშევრების ფოტოები JPG ფორმატში, გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
liliartresearch@yahoo.com

საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
599 222 012

გისურვებთ წარმატებას!