GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
გამოფენები
ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა

2016 წლის 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენის გახსნასა და კატალოგის პრეზენტაციაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 140-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი ბოლო წლებშია შექმნილი. მათი უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.

ლალი ზამბახიძე წარმატებული ქართველი მხატვარია. ის 1966-67 წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქტორი, ხოლო 1967-90 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ ილუსტრატორი იყო. ლალი ზამბახიძე 1971 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1996-2003 წლებში იყო მხატვართა კავშირის მდივანი, გრაფიკის სექციის თავჯდომარე, 2003-06 წლებში კი დაზგური გრაფიკის დეპარტამენტის თავჯდომარე. 1967 წლიდან დღემდე ლალი ზამბახიძე თბილისის სამხტვრო აკადემიის პროფესორია.

ლალი ზამბახიძის შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერსა და ფორმას. მისი ნამუშევრები ლაკონურია, თუმცა ემოციურად დატვირთული. არტისტი მუშაობს აკვარელის, აკრილის, ოფორტის, მონოტიპიის და სხვა შერეულ ტექნიკებში. მიუხედავად შემოქმედებითი მრავალფეროვნებისა, მხატვარი თავისი თვითმყოფადი რომანტიული სტილის ერთგული რჩება.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

გამოფენა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ლადო გუდიაშვილის ქ. 1.

გალერეა

განცხადებები