GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
მისია
მისია

დამტკიცებულია თსსა აკადემიური საბჭოს მიერ 2010 წლის 24 ივნისს

სხდომის ოქმი# 006

თსსა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2010 წლის 25 ივნისს

სხდომის ოქმი# 06

 

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მისიაა:

 

    აღზარდოს ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე ორიენტირებული ახალგაზრდობა;

    ხელი შეუწყოს სტუდენტების  ცნობიერებაში ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებათა დამკვიდრებას, რაც ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა;

    შესთავაზოს მათ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის სახელოვნებო  უმაღლესი განათლება;

    უზრუნველყოს სწავლების პროფესიულ და აკადემიურ საფეხურებზე სტუდენტთა მრავალმხრივი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება  და განვითარება ხელოვნებისა და მეცნიერების ტრადიციული და ახალი დარგების - სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიახელოვნების, არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, რესტავრაციის სფეროში  ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი სწავლების მდიდარი ტრადიციებისა და თანამედროვე მეთოდებისა თუ ტექნოლოგიების სინთეზის საფუძველზე შექმნილი ორიგინალური სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით; 

    გამოუმუშაოს მათ არჩეული სახელოვნებო თუ სამეცნიერო დარგის კონკრეტული საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციები, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შიდა და საგარეო შრომით ბაზარზე; 

    იზრუნოს სახელოვნებო პროფესიული და უმაღლესი განათლების მდგრადი სისტემის განვითარებაზე, მაღალკვალიფიციური პედაგოგიური პერსონალის მომზადებასა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე სახელოვნებო უმაღლესი განათლების სფეროში მსოფლიოში არსებული მოწინავე პრაქტიკის გაზიარების გზით.

 

თსსა მისიის  პრიორიტეტებიდან გამომდინარე სამხატვრო აკადემიის მიზნებია:

 

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სწავლების ყველა საფეხურზე;

• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ხელოვნების ისტორია და თეორია, კულტუროლოგია), არქიტექტურის, ხელოვნებისა   და რესტავრაცია/კონსერვაციის სფეროში მაღალი აკადემიური ხარისხის და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევების განხორციელება;

• საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა მოსამზადებლად;

 

ამ მიზნების განსახორციელებლად თსსა ამოცანებია:

 

• ევროპისა და ამერიკის სახელოვნებო პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის  გაფართოვება და გაღრმავება;

• საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ყოველმხრივ განვითარება სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის ურთიერთგაზიარების მიზნით;

• თსსა საგანმანათლებლო მოღვაწეობის თითოეული დარგის მატერიალური ბაზის შემდგომი განვითარება  თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი აპარატურითა და ტექნოლოგიებით;

• უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცესთან სრული თავსებადობის მიღწევა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლების გზით.

 

თსსა მისია შემუშავდა და პროექტი განსახილველად გადაეცა თსსა აკადემიურ საბჭოს, რომლის  გადაწყვეტილებითაც პროექტი საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდა თსსა ვებ-გვერდზე, დაეგზავნა თსსა ფაკულტეტებს და სტუდენტურ თვითმმართველობას.თსსა აკადემიური საბჭოს 2010 წლის 27 მაისი, ოქმი #005.  ერთი თვის შემდეგ მისიის პროექტი დამტკიცდა თსსა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ( 2010 წლის 24 ივნისი,ოქმი #006)  და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ( 2010 წლის 25 ივნისი, ოქმი #06).

განცხადებები