GEO / ENG
Announcements
განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული კონკურსის კანონიერებას.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხზე კვლავაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ქალბატონმა ლუიზა ლაფერაძემ გაასაჩივრა კონკურსის შედეგები. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეტალურად შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, მოისმინა ორივე მხარის მოსაზრებები და არგუმენტაცია, მოწმეებად დაკითხული იყვნენ საკონკურსო კომისიის წევრები. თანასწორი პაექრობის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 2016 წლის 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება (საქმე #3/3628-14), რომლითაც ქალბატონ ლუიზა ლაფერაძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კონკურსის პროცესში აკადემიის მოქმედება და მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. (გადაწყველტილება თან ერთვის) - ლინკი 1

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრდა ქალბატონი ლუიზა ლაფერაძის მიერ. სააპელაციო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 29 დეკემბერს გამოსცა განჩინება, რომლითაც ქალბატონი ლუიზა ლაფერაძის სააპელაციო საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა, და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. (გადაწყველტილება თან ერთვის) - ლინკი 2

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ გასაჩივრდა ქალბატონი ლუიზა ლაფერაძის მიერ საკასაციო წესით, რის თაობაზეც უზენაეს სასამართლოში ასევე უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გარემოებების დეტალური შესწავლის, მოპაექრე მხარეების მოსაზრებების განხილვისა და მოწმეთა დაკითხვის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სამხატვრო აკადემიის ქმედებებში რაიმე კანონის დარღვევა არ დაადასტურა, მისი ყველა მოქმედება კანონთან შესაბამისად არის მიჩნეული, მიგვაჩნია რომ სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია არასრულ ინფორმაციას ეფუძნება, საქმის შესწავლისას სამხატვრო აკადემიას არ მისცემია შესაძლებლობა დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება, წარედგინა არგუმენტები, ასევე რეკომენდაციის ტექსტიდან აშკარად მიგვანიშნებს, რომ სახალხო დამცველს არ გამოუთხოვია სასამართლოს მასალები, არ შეუსწავლია კომისიის წევრთა ჩვენებები, მათი განმარტებები და ა.შ.

 

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ აღნიშნული საკითხის განხილვა გადადოთ მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ამასთან გამოითხოვოთ სასამართლოს მასალები, მათ შორის აკადემიის მოსაზრებები და მოწმეთა ჩვენებები, თანასწორად და თანაბრად შეისწავლოთ ყველა მხარის პოზიცია.