სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პედაგოგმა და სტუდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს...
14
მაისს პრაღაში თანამედროვე მხატვრობის მასშტაბური გამოფენა — პრაღის ბიენალე 4
გაიხსნა და ივლისის ბოლომდე გასტანს. ამ ბიენალემ უკვე დაიმკვიდრა თავი
ცენტრალური ევროპის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად. ბიენალე 2003
წელს დაარსდა და ფერწერის თანამედროვე ტენდენციების გაშუქებაზეა
კონცენტრირებული. მისი წლევანდელი კონცეფცია — გაფართოებული ფერწერა — მიზნად
ისახავს მსოფლიო ხელოვნებაში ფერწერის როლის და ადგილის ახლებურ გააზრებას და
ახალი მიმართულებების გამოვლენას. წლევანდელი ბიენალეს ერთ-ერთ ექსპოზიციას
ქართველი მხატვრების ნამუშევრები წარმოადგენს.
ბიენალის დამაარსებლები არიან გამომცემელი ჯანკარლო პოლიტი – თანამედროვე
სახელოვნებო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მსოფლიო
სახელოვნებო გამოცემათა ლიდერად აღიარებული ჟურნალის flash art-ის დამაარსებელი,
და ელენა კონტოვა – კრიტიკოსი და კურატორი, რომელმაც 1993 წელს ვენეციის
ბიენალის ორგანიზებისას პირველად წარადგინა საერთაშორისო ასპარეზზე
თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მხატვრები დამიენ ჰირსტი, მაურისიო კატელანი,
მეთიუ ბარნი და სხვა.
ბიენალისაკენ წელს განსაკუთებული ყურადღება იყო მიპყრობილი. ამის მიზეზია არა
მხოლოდ ორგანიზების უკვე დაგროვილი გამოცდილება და ფინასური კრიზისის პერიოდში
მსგავსი მოვლენებისადმი განსაკუთრებით სოლიდარული დამოკიდებულება, არამედ ის
გარემოებაც, რომ ბიენალის მიმდინარეობისას პრაღა ევროკავშირის დედაქალაქს, და,
ამდენად, ზოგადად ევროპული კულურული მოვლენების ცენტრს წარმოდგენდა.
აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სახელოვნებო მოვლენაზე საქართველო პირველად
მონაწილეობდა ამდენად მასშტაბური წარმომადგენლობით (2007 წელს ბიენალეზე
ინდივიდუალურად მინაწილეობდა ქართველი მხატვარი ანდრო ვეკუა, თუმცა საქართველო,
როგორც მონაწილე ქვეყანა წარმოდგენილი არ ყოფილა). სამწუხაროდ, კულტურის
სამინისტრომ ვერ მონახა სახსრები გამოფენის თუნდაც ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
ექსპოზიციის გამართვა შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“
ფინანსური მხარდაჭერით.
ექსპოზიცია „ინდივიდიდადნ DVD-მდე“ 11 მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებდა. ეს
მხატვრებია: ზურა გიკაშვილი, ანდრო სემეიკო, სოფო ჩხიკვაძე, ანა რიაბოშენკო,
ლადო ფოჩხუა, გიორგი კევლიშვილი, მაია სუმბაძე, მაკა რაზმაძე, კოტე სულაბერიძე,
ქეთო ლოგუა, მიშა გოგრიჭიანი. მათ შორის ორი მხატვარი აკადემიის
წარმომადგენელია – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების
სახელოსნოს პედაგოგი გიორგი კევლიშვილი, და ამავე სახელოსნოს სტუდენტი ქეთო
ლოგუა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტის მონაწილეობა ბიენალეზე უპრეცედენტო
შემთხვევაა, და გარდა ამისა, ქეთო ბიენალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ორგანიზატორმა, ჯანკარლო პოლიტიმ ქართველ
მონაწილეებს შორის გამოარჩია გიორგი კევლიშვილი, სწორედ ამიტომ, სამხატვრო
აკადემიის პედაგოგის — კევლიშვილის ნამუშევრები საქართველოს ბოქსიდან ჩამოხსნა
და სპეციალურად მიწვეული მხატვრების ექსპოზიციის ფარგლებში გამოფინა. Gსაბოლოოდ
გიორგი კევლიშვილის რამდენიმე ნახატი ერთ-ერთი პირველი ეგებებოდა ბიენალის
მთავარი გამოფენის დამთვალიერებელთ.
ქართული ექსპოზიციის ორგანიზატორები იყნენ კურატორი ნანა ყირმელაშილი და
კრიტიკოსი დავით ანდრიაძე.
ქართულმა ექსპოზიციამ განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ პირველად
მონაწილეობის, არამედ, როგორც არაერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, ექსპოზიციის საერთო
დონისა და ხარისხის გამო მიიპყრო. გამოფენის ორგანიზატორის, ჯანკარლო პოლიტის
აზრით: „ქართული ექსპოზიცია ძალიან დინამიკურია, ენერგიული და ორიგინალური“.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ჯერაც არაა საბოლოოდ
განთავისუფლებული სოციალისტური რელიზმის ინერციისაგან, იგი ზოგჯერ კვლავ
აღიქმება რეალობის შელამაზებისა და უშინაარსო „ესთეტიური ტკბობის“ საგნად. ამ
პირობებში ქართული ექსპოზიციისათვის კრიტიკული თვითრეფლექსიისა და დრამატული
გამოცდილების გააზრების, ახალი მხატვრული ენის ძიებათა ამსახველი ნაუშევრები
შეირჩა.
გარდა უშუალოდ ბიენალეში მონაწილეობის მნიშვნელობისა, გამოფენის მონაწილეთათვის
პრაღაში ვიზიტი სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისითაც საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც ორგანიზატორებმა, ასევე მხატვრებმა ინდივიდულურად, კონტაქტები დაამყარეს
სხვადასხვა ქვეყნების კურატორებთან, გალერისტებთან, გამომცემლებთან. უკვე
მიმდინარეობს მუშაობა რამოდენიმე ერთობლივ პროექტზე, რომელთა განხორციელება
უდაოდ შეუწყობს ხელს ქართველ მხატვართა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში
ინტეგრაციას.
ბიენალის ორგანიზატორები სამომავლოდაც დაინტერესებულნი არიან ქართველ
მხატვრებთან თანამშრომლობით და 2011 წელს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას
ყველაზე ახალგაზრდა თაობაზე აპირებენ. ბიენალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ
მოხარულნი იქნებიან ითანაშრომლონ სამხატვრო აკადემიასთან და ევროპის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო მოვლენის სივრცე იმ ახალგაზრდებს დაუთმონ, ვისი
ძალისხმევაც ფერწერის შესაძლებლობების და ფუნქციის ახლებური გააზრებისაკენაა
მიმართული. ვფიქრობთ, ამგვარი პერსპექტივა განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს
აკადემიის სტუდენტებისათვის.
www.praguebiennale.org
კარლინ ჰოლი ბიენალის გახსნისას

ნანა ყირმელაშვილი და გიორგი კევლიშვილი ექსპოზიციის კეთებისას
ქეთო
ლოგუა თავის ნამუშევრებთან
გიორგი კევლიშვილის ნამუშევრები