თამაზ ვარვარიძის სახელოსნოს 2009 წლის საანგარიშო გამოფენა
25 ივნისიდან 2 ივლისამდე “არსის” საგამოფენო სივრცეში ორმოცდაათამდე
თანამედროვე ქართული პლაკატის ნიმუში გახლდათ გამოფენილი. გამოფენა
სახელწოდებით Newspapers სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკის
მიმართულებასთან არსებული თამაზ ვარვარიძის სახელოსნოს საანგარიშო ექსპოზიციას
წარმოადგენდა.
ავტორებს ბევრი რამ როგორც აერთიანებთ, ისე განასხვავებთ, მაგრამ უმთავრესი
მაინც ისაა, რომ ისინი ცნობილი გრაფიკოს-დიზაინერის, პროფესორ თამაზ ვარვარიძის
სახელოსნოს სტუდენტები არიან — www.studio.varvaridze.com; ვარვარიძის
სახელოსნოში გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა მიმართულებებს ეცნობიან, თუმცა
გამოფენებისთვის ტრადიციულად პლაკატს ირჩევენ, სავარაუდოდ როგორც
თვითგამოხატვის საუკეთესო ფორმას.
2009 წელს ახალგაზრდა მხატვრების მიერ შექმნილ ნამუშევრებში განსაკუთრებულად
აქტიურია ინფორმაციული ხაზი ომის შესახებ. თუმცა შექმნეს ასევე სარეკლამო
პლაკატის ნიმუშებიც. პლაკატები „აპიარებენ“ ჯერ არარსებულ ბრენდებს, ახლებურად
გვანახებენ ცნობად პროდუქციას, შემოქმედებითად უდგებიან სრულიად უტილიტარულ
ნაწარმს და კლასიკოსთა შედევრებს (კინოსა თუ სპექტაკლს) თავისებური რედაქციით
წარმოგვიდგენენ.
გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,
მთავარი პარტნიორი — „არსი“, თანაორგანიზატორი — თანამედროვე ხელოვნების არქივი
— „არქიდრომი“.








