თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უძველესი უმაღლესი სახელოვნებო აკადემიური სასწავლებელი ანუ უნივერსიტეტია უკიდურეს აღმოსავლეთ ევროპაში. იგი თავისი არსით  განასახიერებს ვიზუალური ხელოვნების სფეროში დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და ტენდენციების თავმოყრის, კლასიფიცირების და სისტემეტიზირების ერთგვარ ცენტრს, სადაც ერთმანეთს ორგანულად უკავშირდება აღმოსავლურ და დასავლურ ვიზუალურ კულტურაში ჩამოყალიბებული ტენდენციები და ტრადიციები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ თავმოყრაა, ერთგვარი ხიდია, გარდამავალი ტრანსკულტურული არეა, იგი პირველ რიგში თავად არის ორგანული წევრი დასავლურ-აღმოსავლურ კულტურულლი ცნობიერებათა სინთეზისა.

როგორც ყველა სასწავლო პროცესი, ჩვენთანაც თვით აკადემიური გამოცდილების სწავლება ეფუძნება კლასიკურ ცოდნას. ზოგადი პროცესების გაცნობიერება-სისტემატიზირება აძლევს ჩვენი ტიპის უმაღლეს სასწავლებლებს სიცოცხლიუნარიანობას. პრინციპები: გახსნილობა, მიმღებლობა და გაცნობიერება-შემეცნების პროცესის გავლა სასწავლო მეთოდოლოგიის გამდიდრებას უწყობს ხელს.

ამ მხრივ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროცესი უკვე კარგა ხანია დაწყებულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენთან 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, მათ შორისაა როგორც წმინდა სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ფაკულტეტი – რესტავრაცია/კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, ასევე, მკვეთრად კრეატიულ-შემოქმედებითი ხასიათის ფაკულტეტი – სახვითი ხელოვნების, რომელშიც გაერთიანებულია ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მხატვრობა. ასევე, გვაქვს ორი კრეატიულ-სამეცნიერო მიმართულების ფაკულტეტი – არქიტექტურის (თავისი მრავალი პროფილით) და მედიახელოვნების ფაკულტეტი (ასევე სხვადასხვა პროფილით). გარდა ამისა, გვაქვს ძლიერი დიზაინის ფაკულტეტი, რომელშიც მრავალი სპეციალობაა გაერთიანებული. ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ მრავალი პროფილით, რადგანაც ჩვენი კონცეფცია შეიცავს როგორც საუნივერსიტეტო აკადემიურ ბაზას, ასევე უმაღლეს, პროფესიულსა და სახელობო განხრებსაც. ასე რომ, ჩვენთან მოქმედებს ე.წ. ქოლგის პრინციპი. საუნივერსიტეტო საფეხურებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საფუძველს უქმნის სახელობო სკოლა და უმაღლესი პროფესიული სკოლა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია შესაბამისობაში მოვიდეთ ჩვენი პროფილის, და არა მარტო ჩვენი პროფილის, უმაღლეს სასწავლებლებთან, ვითანამშრომლოთ მათთან, გავგზავნოთ სასწავლებლად ჩვენი სტუდენტები და მივიღოთ  მათი.  ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შეფასების ერთიან საკრედიტო სისტემასთან (ECTS) თავსებადობა, რაც ჩვენს აკადემიაში უკვე დანერგილია.

სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლა, ერთობლივი სამეცნიერო თუ შემოქმედებითი პროექტების განხორციელება ჩვენი პრიორიტეტია. ეს საშუალებას მოგვცემს ავამუშავოთ კულტურული ხიდის თუ კულტურული ურთიერთშევსების პრინციპი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია კარგა ხანია მუშაობს. ჩვენ გვაქვს აქტიური კონტაქტი როგორც აღმოსავლეთის ქვეყნების, ისე ევროპულ და ამერიკულ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებლებთან და უნივერსიტეტებთან.

გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული ინიციატივები განაახლებს კულტურათაშორის დიალოგის ხიდს და ამ პროცესებში ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 

თსსა რექტორი,
პროფესორი გია ბუღაძე

 

 

დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია