გამოფენა "ქვა, ქაღალდი, მაკრატელი" — ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან

ბრიტანეთის საბჭო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ყველას, ვისაც თანამედროვე ბრიტანული ხელოვნება აინტერესებს. 4-12 თებერვალს თიბისი ბანკის ხელშეწყობით განახლებულ სამხატვრო აკადემიის ვრცელ საგამოფენო დარბაზში წარმოგიდგენთ გრავიურებს ბრიტანეთის საბჭოს მდიდარი და მრავალფეროვანი კოლექციიდან.

 

“ქვა, ქაღალდი, მაკრატელი” არის 1950-იანი წლებიდან დღემდე ბრიტანელ მოქანდაკეთა მიერ შექმნილი გრავიურების გამოფენა. წარმოდგენილი ნამუშევრები ცხადყოფენ, რომ გრავიურა - იქნება ეს ოფორტი, სქრინ-პრინტი, ლინოგრავიურა თუ ლითოგრაფია - კვლავ რჩება მოქანდაკეთა იდეების განვითარებისა და მათი პორტფოლიოების გამდიდრების პოპულარულ საშუალებად. გამოფენის მიზანია გვიჩვენოს, როგორ იკვლევენ მოქანდაკეები ორ და სამ-განზომილებიან სივრცეებს შორის ურთიერთ-მიმართებას ერთის მხრივ და გრავირების მეთოდით შემოთავაზებულ შესაძლებლობებს მეორეს მხრივ. აქ ცხადად ჩანს, რომ გრავიურები გამოიყენებოდა არა მხოლოდ მომავალი სკულპტურული ქმნილებების დახვეწის გზების შესასწავლად; ისინი ორიგინალებსაც ასახავენ.

ნამუშევრებს შორის, რომელთაგან რამდენიმე ახალ-შეძენილია და პირველადაა წარმოდგენილი, რამდენიმე შესანიშნავი გრაფიკული ქმნილება ჰენრი მურს ეკუთვნის, რომლებიც მოქანდაკემ 1984 წელს ბრიტანეთის საბჭოს 50 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა. ქართველ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება თანამედროვე ბრიტანული ვიზუალური ხელოვნების ისეთი პიონერების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჰენრი მური, ედუარდო პაოლოცი და უილიამ თერნბული, იხილოს თანამედროვე წაყვანი მხატვრების ქმნილებები. მათ შორისა არიან: დეიმიენ ჰერსტი, ტრეისი ემინი, ანიშ კაპური, ანია გალაციო და მაიკ ნელსონი. ზოგიერთი მათგანი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ზოგი ჯერ კიდევ ელის საერთაშორისო აღიარებას, თუმცა უკვე ყველამ თქვა თავისი სიტყვა ბრიტანული ხელოვნების ისტორიაში.

ბრიტანეთის საბჭო უკვე 60 წელზე მეტია აგროვებს ბრიტანული ხელოვნების, ხალხური შემოქმედების და დიზაინის ნიმუშებს. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული კოლექცია იქცა მე-20 და 21-ე საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კოლექციად 8000-ზე მეტი ექსპონატით, რომელიც მოიცავს ბრიტანული ხელოვნების და დიზაინის ყველა სფეროსა და ასპექტს. ამ კოლექციას არ აქვს მუდმივი შენობა და ამიტომ იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც “მუზეუმი კედლების გარეშე”. კოლექციის მიზანია ბრიტანელი მხატვრების, ხალხური შემოქმედების ოსტატების და დიზაინერების მიღწევებისა და შემოქმედებითი იდეების პოპულარიზაცია.

სამხატვრო აკადემიის გალერეაში ბრიტანეთის საბჭოს კოლექციის გამოფენა 4-დან 12 თებერვლამდე გასტანს.


გამოფენის გახსნა 4 თებერვალს 17.00 საათზე. 

დიზაინი: 
©2007 თსსა