მედია ხელოვნების ფაკულტეტი
იხ. მედიახელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
“საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ” გულისხმობდა სასწავლო პროგრამების სრულ რეორგანიზაციას, როგორც აკადემიურ ისე ადმინისტრაციულ ნაწილში; რეფორმის მთავარ პრიორიტეტად ფაკულტეტების და დარგების გამსხვილება იქცა. სწორედ ამ დროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მისი რექტორის გია ბუღაძის და კომპიუტერული ხელოვნების და მხაზველობითი გეომეტრიის კათედრის პროფესორის ნანა იაშვილის მიერ მომზადდა პროექტი ახალი ფაკულტეტის გახსნის მტკიცე დასაბუთებით. ეს ინოვაციური ნაბიჯი წარმატებით გადაიდგა და ტრადიციულ, თითქმის ასწლოვან სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის ისტორიაში ახალი გვერდი გადაიშალა.
2005წლის მარტში აკადემიაში გაიხსნა კომპიუტერული ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტი. 2006წლის მარტიდან ფოტოგრაფიის და ახალი მედიების კავკასიის ინსტიტუტი ინტეგრირდა ფაკულტეტზე და მოგვიანებით მას უკვე მედია ხელოვნების ფაკულტეტი ეწოდა.
2007წელს შეიქმნა ახალი ანიმაციური სტუდია, სადაც სტუდენტები სრულყოფილად ეუფლებიან ანიმაციური ფილმის შექმნის სხვადასხვა ტექნიკას (ნახატი ანიმაცია, თოჯინური, პლასტელინის ანიმაცია, სილა-ფხვნილის ანიმაცია). დღეისთვის სტუდიის კინოთეკაში არის 29 დასახელების მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელთაგან 16 საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალებზე აღნიშნულია პრიზებით და დიპლომებით.
მედია ხელოვნების ფაკულტეტი შედგება სამი მიმართულებისაგან:
- ციფრული მედია;
- გრაფიკული დიზაინი;
- ფოტოგრაფია.


















