Get Adobe Flash player
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
 
აბიტურიენტთა რეგისტრაცია
 
აბიტურიენტთა საყურადღებოდ
 
დებულება

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსებიდანვე განთავსებულია არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ შენობაში, ალექსანდრე გრიბოედოვის N22-ში  (ყოფილი კომენდანტის) ქუჩაზე.

ამ ადგილას, XIX საუკუნის შუა წლებში, არქიტექტორ გრიგოლ ივანოვის პროექტით აიგო სასახლე თავისი ეკლესიით. XX საუკუნის დასაწყისში კი შენობის ერთი ნაწილის მფლობელის, ნინო ქობულაშვილის დაკვეთით, არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის პროექტით, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია. მოგვიანებით, 70-იანი წლების დასაწყისში გიორგი ხალათოვის ხელმძღვანელობით, თსსა პედაგოგების და სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა შენობის ინტერიერის რესტავრაცია.

თავისი არსებობის განმავლობაში შენობამ უამრავი ცვლილება განიცადა, რის შედეგადაც მისი მხატვრული სახე ეკლექტურ ხასიათს ატარებს. აქ ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს ბაროკოული, გვიანკლასი- ცისტური და გვიანირანული სტილის ელემენტები. შენობა, გეგმით, ბერძნული ანბანის დიდი П-ს ფორმისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ძველი ქართული აგური. ფასადები შელესილია. ნაგებობის  ხაზგასმულად გრძივი, ტიპიური ევროპული ფასადი, რომელიც ფრონტალურად გასდევს გრიბოედოვის ქუჩას, სიმონ კლდიაშვილის პროექტით განხორცი- ელებული რეკონსტრუქციის დროინდელია და შემკულია ნაძერწი გირლანდებით, ნიჟარებით, ნიღბებით, ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულებებით, მაღალი კრონშტეინებით. პროფილები და სკულპტურული დეკორი ნალესობითაა გამოყვანილი.

განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია ისტორიული შენობის ინტერიერი, სადაც გვიანირანული არქიტექ- ტურული სტილის მთელი მხატვრული რეპერ- ტუარია წარმოდგენილი. დარბაზების ინტერიერები უხვადაა შემკული სპარსულწარწერებიანი მედალიონებით, სარკეებიან ფონზე სტუკოს ორნამენტებით, სტალაქტიტური ფორმის ფრიზებით; აქვე გვხვდება მუშარაბებიანი ღიობები, ბუხრების მოყვანილობა, კედლის მხატვრობა, რომელშიც ძირითადად აღმოსავლური მინიატურის ორნამენტული მოტივებია გამოყენებული და სხვ. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის აზრით, ეს ყველაფერი თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების ხელით უნდა იყოს შესრულებული.

1869-86 წლებში სასახლეში ფუნქციონირებდა მთავარმართებლის მიერ დამტკიცებული წესდებით მოქმედი კლუბი ე.წ. Тифлисский кружок. აქ იყო ბიბლიოთეკა, სასადილო, საბილიარდო, ასევე – სამეჯლისო და სასცენო წარმოდგენების დარბაზი. XX საუკუნის დასაწყისში სასახლეში გაიხსნა სამხატვრო სკოლა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით, 1922 წელს დაფუძნდა კავკასიაში ერთადერთი სამხატვრო აკადემია. ამავე შენობაში 1937 წლამდე განთავსებული იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორის, მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის სახელოსნო და მისი მეუღლის მარია პერინის საბალეტო სტუდია; Aასევე, აკადემიის პროფესორის გიგო გაბაშვილის სახელოსნო, ქობულაშვილების და სხვათა საცხოვრებელი ბინები. მოგვიანებით მთელი შენობა სამხატვრო აკადემიის მფლობელობაში გადავიდა.

ნაგებობის ფასადი ეზოს მხრიდან სხვადსხვა დროს გადაკეთდა. ფასადის მარცხენა ფრთის კიდეში დომინირებს შეისრულთაღიანი პორტალი, რომელიც ხის აივნებითაა გახსნილი. ამავე მხრიდან უკავშირდება ძველი შენობა ახალ კორპუსს.  1966 წელს არქიტექტორების – არჩილ ქურდიანის, მიხეილ ჩხიკვაძის და კონსტრუქტორ დავით ქაჯაიას პროექტით, აიგო სამხატვრო აკადემიის ახალი, ათსართულიანი კორპუსი, რომელსაც, ბანკი “ქართუს” მხარდაჭერით, 2005-06 წელს სრული რეკონს ტრუქცია ჩაუტარდა.

სამხატვრო აკადემიის სხვა შენობები

ცენტრალური ნაგებობის გარდა, სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის რამდენიმე შენობა, სადაც აკადემიის სასწავლო პროგრამების ნაწილის სწავლება მიმდინარეობს. მათ შორისაა, თაბუკაშვილის N 5-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომლის ნაწილი 2006 წლიდან სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის მფლობელობაში გადავიდა (შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემ- კვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი). აქ განთავსებულია არქიტექტურის, დაზგური ფერწერის, ქვის, მინის, კერამიკისა და ლითონის რესტავრაციის სახელოსნოები; ასევე, დიაგნოსტიკური კვლევითი ლაბორატორია (ქიმიური და ბიოლოგიური). აქვეა მცირე ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ერთი აუდიტორია.

2007 წელს სამხატვრო აკადემიას შეუერთდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (ქუჩიშვილის N 9), რომელიც ახლა სამხატვრო აკადემიის II კორპუსს წარმოადგენს. აქ ისწავლება – დიზაინის ფაკულტეტის სამკაულისა და ლითონის ნაწარმის მიმართულების; სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების, თეატრისა და კინო-ტელე ხელოვნების მიმართულებების სპეციალობები. აგრეთვე მუშაობენ მედია- ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესიული სწავლების ჯგუფები. აქვე, 2010 წელს დაარსდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თოჯინების თეატრი,  რომელსაც სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის თეატრის სახელოსნოს სტუდენტები უძღვებიან.

2007 წლიდან მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი (ჭონქაძის N 21) გადაკეთდა პროფესიული სწავლების ცენტრად. სასწავლო ბაზა მოიცავს ლაბორატორიებს, სახელოსნოებსა და სასწავლო კლასებს. ცენტრში მოქმედებს  სახელობო სასწავლო პროგრამა; შეისწავლება ხის მხატვრული დამუშავება, მოდელირება-ჭრა-კერვა, თექის დამზადების, ხალიჩის, გობელენის ქსოვის ხელოვნება, ლითონის მხატვრული დამუშავება, არქიტექტურული დეტალების ძერწვა, კერამიკა, მინანქარი.

  • ფასადი გრიბოედოვის მხრიდან
  • საპარადო შესასვლელი გრიბოედოვის მხრიდან
  • ისტორიული შენობის ინტერიერი
  • hall2
  • ოსტორიული შენობის ინტერიერი. სარკეებიანი დარბაზი
  • ოსტორიული შენობის ინტერიერი. სარკეებიანი დარბაზი
  • ახალი ათსართულიანი სასწავლო კორპუსი
  • ისტორიული შენობის ფასადი ეზოს მხრიდან
  • აკადემიის სასწავლო შენობის ინტერიერი  თაბუკაშვილის ქუჩაზე
  • ყოფილი ნიკოლაძის შენობის ფასადი
  • ყოფილი ნიკოლაძის, სასწავლო კორპუსის საგამოფენო დარბაზი
  • nikoladze
  • აკადემიის სასწავლო შენობის შესასვლელი ჭონქაძის ქუჩაზე (ყოფილი მ. თოიძის სასწავლებელი)